TO ALFRED, WHO DIED, ANU MEORE FERI SHAVI

1.

ამინდები არის ვერტიკალური

და ჩვენ უეცარი შიშით ვიღვიძებთ.

ვგრძნობთ,

რომ ის ახლა პირველი არა,

მესამე ქუჩიდან იწყებს მიტოვებულ ბინებში კედლების ლოკვას

და ხვნეშის როგორც ძაღლი.

მე მესმის სიფხიზლემდე ჩავლილი ვაგონების ყრუ ხმაური,

ძარღვებივით რომ გაითრია ქალაქიდან ათასი უმისამართო ადამიანი

და მათზე გამობმული ბოძები,

ავადმყოფური განცხადებებით სავსე.

2.

ვიმეორებ, რომ არ აღწევს შუქი კორიდორებში და ვქანაობ ადგილზე, და მინდა რომ სახეში ვუყურებდე იმ თეთრკანიან ქალს, ცხელი აფრიკის ერთ-ერთ ქალაქში რომ აუპატიურებენ და ვუგზავნიდე წერილებად უცნობ მისამართებს, თუ რას ფიქრობს ახლა ის თავის ღმერთზე.

ვიმეორებ, რომ შეხედვისთანავე მოვა ხმაური ან არასდროს და ჩვენ ყველას აღნიშნულ საათებში მოგვთხოვენ პასუხს.

3.

გავრბივართ

გავრბივართ

გავრბივართ,

მერე ვჩერდებით,

ვჯდებით უკანა სკამზე

და ვკითხულობთ გაზეთებს.

 

4.

გამაღვიძე, მითხარი, რომ გავცდით, რომ ის იდგა მისი სხეულის გვერდით და როცა ჩვენ მას ჩავუარეთ, ვგრძნობდით სირცხვილს ჩვენივე თავის მიმართ და გვეშინოდა, რომ ჩვენ მას ხვალაც ასე ჩავუვლიდით და ჩვენ ვიცხოვრებით. სახლებში, კაფეებში, მანქანებში, ავტობუსებში, პალატებში, ადამიანებში და ასე: სანამ შემთხვევითი შეხება არ გამოგვაფხიზლებდა და ვიყვირებდით, რომ ჩვენ გარდაუვალი ომი შეგვჭამს და ის ისევ იქ იდგება წელიწადობით, სანამ ასე შვიდასმესამედ არ ჩავუვლით, სანამ ისევ არ გამაღვიძებ და მეტყვი, რომ ჩვენ მას გავცდით.

 

5.

გავრბივართ

გავრბივართ

და გვესმის

და ვისმენთ

და გამორთე რადიო როცა მე არ ვსაუბრობ.

 

6.

ამინდები არის!

ჩვენ ვიძინებთ.

ფანჯრები ღიაა, აქვთ ხეებს და მუქი

და ის მოძრაობს,

დაყვება ადამიანებს, რომლებიც ანთებული ჩირაღდნებით ხელში

იკრიბებიან ჩემს სახლთან და ერთხმად, გადაბმულად ყვირიან:

სიკვდილი ალფრედს! სიკვდილი ალფრედს!

ალფრედს, რომელიც დაიღუპა და დადის.

 

7.

დღეს სახლები უფრო გაწელილი მეჩვენება ვიდრე საუბრები, მერე ვბრუნდები ათასი წვრილმანებით გავსებული და პირიდან გადმომაქვს მაგიდები. დაბრძანდით, ვეუბნები და მივდივარ.

 

© zodiaki


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: