Tag Archives: შარდი

ჰოსპიტალში

პირველი ნაწილი


როდესაც კლინიკაში მომიყვანეს 21 წლის ვიყავი. ეს იყო ძველი, ერთობ შელახული საავადმყოფო ფსიქიკური სნეულებების მქონე პაციენტებისთვის. მორყეული ლოგინებით, კედლებზე ალაგ-ალაგ შემორჩენილი ლურჯი საღებავით. კედლების დანარჩენ ნაწილში ირეოდა ყავისფერი, ყვითელი, ოხრა და ჭაობისფერი.

ხელებშეკრული შემომიყვანეს… არა და ვინმესთვის წინააღმდეგობის გაწევა აზრადაც არ მომსვლია. ჩემს უკან კარი მოიხურა და მე მარტო დავრჩი პალატაში. კარის დახურვის ხმა კატის კნავილს მოგაგონებდათ. ირგვლივ სიჩუმე იყო. პალატას ოთხი მოზრდილი სარკმელი ჰქონდა. ფანჯრიდან კარგად ჩანდა მომცრო ზომის ტბა, ტირიფის ხე და ჰოსპიტალის დასავლეთით დასასვენებელი სკვერი რამდენიმე სკამითურთ. თითქოს საგანგაშო არაფერი იყო. მხოლოდ ყოველი დილის 6 საათზე, წამლის მიღების დროს მაშფოთებდა საშინელი გრუხუნი. ეს კარის დასაკეტი ბერკეტის ხმა იყო, რომელსაც კნავილის ხმა მოსდევდა და აი, კვადრატული ლანგარით სანიტარი მიახლოვდებოდა მიჯრით მიწყობილი წამლის შუშებით.

ორმა კვირამ ისე გაიარა, არც გარესამყაროდან და არც პალატის მიღმა სამყაროდან არავისი ხმა არ გამიგია. შემდეგ საერთო პალატაში გადამიყვანეს. თურმე პირველ ორ კვირას იზოლირებულად ამყოფებენ პაციენტებს. ჩემი ახალი პალატა, ჩემს გარდა კიდევ 6 ბინადარს იტევდა. ეს იყო პალატა № 99. შესვლისთანავე ამაზრზენი სუნი ვიგრძენი. ოფლის, სისხლისა და შარდის სუნი ერთმანეთში ირეოდა. ექვსივე პაციენტი იწვა, სახეზე საკაცობრივო სევდითა და ფსიქოტროპული ღიმილით. აქაური ფანჯრებიდან სხვა ხედი იშლებოდა. თეთრი გუმბათოვანი ეკლესია (მიკვირს ისევ რატომ დგას), შორს სასაფლაო და იმის იქით ლურჯი ბურუსი. მთებში კიდევ ერთი ეკლესია ჩანდა.

ჰოსპიტალის მიღმა ახალი საყაროა. 1923 წელია გარეთ. პალატის შიგნით დრო არ არის. მწვანეხალათიან სანიტარს პალატიდან გამოვყავარ და მთავარი ექიმის კაბინეტისკენ მიმიძღვება. წარწერა კაბინეტის კართან,- „Министерства здравоохранения СССР. доктор  камышников л к. შევდივარ, ექიმი საუბარს იწყებს. სხვათაშორის საოცრად სუფთა ქართულით მეტყველებს. რუსულს მეც ჩინებულად ვფლობ. ვითომ, ფიქრობს, რომ ფსიქიკურად სნეულს რუსული არ მეცოდინება? ამით ჩემს დამცირებას ცდილობს? არა, ასეთ ფიქრებს უნდა დავეხსნა. ჩემს ყურადღებას კედელზე დაკიდებული პროლეტარიატის დიდი ბელადის პორტრეტი იპყრობს. ბელადის უკან მეწამული ფონი და წარწერა,-  мы стоим за мир и отстаиваем дело за мира“ . ოთახში მაღალი მინის კარადაა, გამოტენილი კოლბებში მოქცეული სხვადასხვა ზომის თავის ტვინით. ალბათ მათი პატრონებიც ასეთივე სხვადასხვა ზომისანი იქნებოდნენ. იქნებ ოდესმე ჩემმა თავის ტვინმაც დაიმსახუროს ასეთი პატივი,- მთავარი ექიმის თვალსაჩინოებათა შორის ყოფნისა. ფანჯარასთან კიდევ ერთი კარადა დგას. მუქი ყავისფერი, ალბათ მუხის მასალის. კარადა სავსეა ნაირფერი წიგნებით. გერმანული, ფრანგული, ინგლიუსრი, რუსული წარწერები ყდაზე. ამ ოთხივე ენას არ ვფლობ, თუმცა თითო-ოროლა სიტყვას თითმის ყველა ჩრდილოდასავლეთ ევროპულ ენაზე ვიგებ.მაგიდაზე წითელი ხავერდის გადასაფერებელი აფენია. ექიმის წინ დიდი თეთრი ჟურნალი და ყვითელყდიანი წიგნი დევს წარწერით Köhler W. „Gestalt Psychology“, მის გვერდით რუსულენოვანი გამოცემა   Структура и функции коры большого мозга“. ამ ოთახში ნამდვილი ინტერნაციონალია. სხვა მხრივ განსაკუთრებული არაფერი, თუმცა ლიტერატურისა და თავის ტვინების ეს მრვალფეროვნება ნამდვილი ოაზისია იმ სამგლოვიარო გარემოსთან შედარებით, რაც ჰოსპიტალის მთელს დანარჩენ ნაწილშია. ფანჯრის მიღმა ბაღიდან გუგულის ხმა ისმის. მე ფანჯარასთან ვდგავარ. ქვევით პატარა ბაღი და ფანჩატურია.

to be continued…